რა არის არითმია?

არითმია კლინიკური მდგომარეობაა, როდესაც საქმე გვაქვს პათოლოგიურ გულისცემასთან ან გულისცემის სიხშირესთან. ამ დროს გული მუშაობს ძალიან სწრაფად, ან ძალიან შენელებულად, ან არარეგულარული რითმით. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ არითმოლოგი გიორგი ცხომელიძე ამბობს, რომ ზოგიერთი სახის არითმია განსაკუთრებით საშიშია ჯანმრთელობისთვის, არც თუ ისე იშვიათად – სიცოცხლისთვისაც კი.

  • ბატონო გიორგი, რა არის არითმია, რა ხდება ამ დროს?

გული არის ერთგვარი ტუმბო, რომელიც შედგება კუნთოვანი ქსოვილისგან და სტიმულირდება ელექტრული იმპულსების მიერ. ეს ელექტრული იმპულსები კი წარმოიქმნება და გადაადგილდება სპეციალური ქსოვილოვანი წარმონაქმნების მიერ, რომელთა გაერთიანებასაც გულის ელექტრული სისტემა ეწოდება.

არითმიის დროს გულის ელექტრული სისტემის ფუნქცია გაუმართავად მუშაობს, რაც ხშირად იწვევს გულის, როგორც სისხლის ტუმბოს ფუნქციის დარღვევას. სწორედ გულის ტუმბოს ფუნქციის დარღვევის ხარისხით განისაზღვრება, რამდენად საშიშია სიცოცხლისთვის ესა თუ ის არითმია.

  • რას ნიშნავს ტაქიკარდია და ბრადიკარდია, რა სხვაობაა მათ შორის?

ექიმები ამ ტერმინებს ვიყენებთ მაშინ, როცა ტაქიკარდია ან ბრადიკარდია არ შეესაბამება გულის მუშაობის ნორმალურ ფიზიოლოგიურ ციკლს და მისი გამომწვევი მიზეზი რითმის რომელიმე სახის დარღვევაა. ბრადიკარდიად მიჩნეულია 60 და უფრო დაბალი პულსი, ტაქიკარდიად კი – 100 და უფრო მაღალი პულსი.

ჩვეულებრივ ჯანმრთელ ადამიანს შეიძლება ღამის განმავლობაში, ძილის პერიოდში, ბრადიკარდია [გულის შეკუმშვათა სიხშირის კლება] ჰქონდეს, დღის განმავლობაში კი, როცა აქტიურად არის დატვირთული – ტაქიკარდია [გულის შეკუმშვათა სიხშირის მატება]. აქედან გამომდინარე, დიაგნოსტირება მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი სპეციალობის ექიმის მიერ უნდა მოხდეს.

  • რა სახის არითმიებია ყველაზე გავრცელებული და რომელია მათგან ყველაზე საყურადღებო?

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და საყურადღებო არითმია წინაგულთა ფიბრილაციაა, იგივე მოციმციმე არითმია. საქართველოში დაახლოებით 40000-მდე ადამიანია ამ არითმიით დაავადებული. აქედან 90%-ზე მეტი კი 50 წელს ზევითაა. არანამკურნალები მოციმციმე არითმია ხშირად არის გულის უკმარისობისა და იშემიური ინსულტის მიზეზი. შესაბამისად, ძალზედ მნიშვნელოვანია ამ არითმიის დროული დიაგნოსტირება და მართვა.

 

  • შესაძლებელია რისკჯგუფის განსაზღვრა?

ზოგადად არითმია, როგორც ასეთი, შეიძლება შეგვხვდეს, როგორც პათოლოგიურად შეცვლილ გულში, ისე აბსოლუტურად ნორმალურ გულში. თუმცა, რა თქმა უნდა პათოლოგიურად შეცვლილ გულში (იშემია, გადატანილი ინფარქტი, სარქვლოვანი პათოლოგია, ოპერაციული ჩარევა გულზე) არითმიების სიხშირე გაცილებით მაღალია.

  • როგორია არითმიის ნიშნები და სიმპტომები?

ყველაზე მარტივი გზა იმისთვის, რომ ადამიანებმა არითმია ამოიცნონ, არის ელემენტარული – მაჯაზე პულსის გასინჯვა. თუ პულსი წუთში 60-ზე დაბალია, ან წუთში 100-ზე მაღალია, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გვაქვს ან ბრადიკარდია ან ტაქიკარდია. ამასთანავე, თუ პულსაცია ხდება არარეგულარულად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჩვენ გვაქვს რაიმე სახის არითმია, იმიტომ, რომ ჩვეულებრივ პულსი არის რეგულარული (თანაბარი ინტერვალებით).

არითმიის ნიშნები და სიმპტომებია:

  • გულის ფრიალი
  • გულისცემისაჩქარება
  • ტკივილი გულ-მკერდში
  • ჰაერის უკმარისობა
  • ადვილად დაღლა
  • მეხსიერების დაქვეითება
  • წონასწორობის დარღვევა
  • თავბრუსხვევა
  • გონებისკარგვა და ასე შემდეგ

პაციენტებმა, რომელთაც აქვთ თავბრუსხვევისა და გონების კარგვის ეპიზოდები ცხოვრებაში, აუცილებლად უნდა გაიარონ არითმოლოგთან კონსულტაცია, შემდგომი გამოკვლევებით.

  • როგორ ვუმკურნალოთ არითმიას?

არსებობს არითმიების მკურნალობის ორი გზა – მედიკამენტური მკურნალობა და პროცედურული მკურნალობა.

თუ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას იძლევა, რომ სიტუაცია მედიკამენტურად ვმართოთ, ვირჩევთ მედიკამენტურ მკურნალობას. თუ მედიკამენტი არ არის ეფექტური ან თუ ისეთი მდგომარეობაა, როცა ვიცით, შედეგი არ მოჰყვება არ მედიკამენტურ მკურნალობას, საქმე დგება პროცედურებზე – პეისმეიკერის, დეფიბრილატორის ან რესინქრონიზატორის იმპლანტაცია, კათეტერული აბლაცია და ა.შ.

ეს დარგი საკმაოდ მოწინავეა და კარგადაა განვითარებული საქართველოში, არაფრით ჩამორჩება სხვა ქვეყნებს. შესაბამისად. დროული დიაგნოსტირების შემთხვევაში ჩვენ დღეს საქართველოში თავისუფლად შეგვიძლია ვმართოთ ნებისმიერი სახის არითმია.

  • როგორ ტარდება პეისმეიკერის, დეფიბრილატორის და რესინქრონიზატორის იმპლანტაცია?

პროცედურა კეთდება სრულიად უმტკივნეულოდ, ადგილობრივი ანესთეზიით. ამ აპარატების იმპლანტაცია ძირითადად ხდება მარცხნივ, გულმკერდის წინა ზედაპირზე, ლავიწის ძვლის ქვემოთ, უშუალოდ კანქვეშ. კეთდება მცირე, სულ რაღაც 4-7სმ-ანი განაკვეთი.  პროცედურის ხანგრძლივობა დაახლოებით 1 საათიდან 3 საათამდეა, გააჩნია რომელი აპარატის იმპლანტაციას ვახორციელებთ. საავადმყოფოში დაყოვნების პერიოდი კი დაახლოებით 24-48 საათია. რეაბილიტაციის პერიოდი ძალიან მოკლეა, პაციენტს იმპლანტაციის მერე დღიდან შეუძლია თავისუფლად, დამოუკიდებლად გადაადგილება.

  • რას უზრუნველყოფენ ეს აპარატები?

ზოგადად, დღევანდელი იმპლანტები ძალიან მაღალტექნოლოგიური აპარატებია. მათი მეშვეობით ხდება როგორც გულის მუშაობის მართვა, ისე ძალიან დიდი რაოდენობის ინფორმაციის ჩაწერა. ძირითადი ფუნქცია პეისმეიკერების შემთხვევაში არის დაბალი პულსის მკურნალობა; დეფიბრილატორის შემთხვევაში – უეცარი კარდიული სიკვდილისგან დაცვა; რესინქრონიზატორის შემთხვევაში კი – გულის უკმარისობის მქონე პაციენტების მკურნალობა.

  • როგორია პრევენცია, რა შეიძლება გავაკეთოთ ჯანსაღი გულისთვის?

პირველ რიგში პაციენტებს ვურჩევდი მაქსიმალურად ეცადონ თავი აარიდონ სტრესულ გარემოს, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით და იკვებონ ბალანსირებულად.

ამასთანავე ძალიან მნიშვნელოვანია უკვე არსებული არითმიის დროული მკურნალობა და ჯანმრთელობის მდგომარეობის პროფილაქტიკური შემოწმება.

 

 

წყარო: ბათუმელები

თეგები:

გააზიარეთ: