მთქნარება არის რეფლექსი, რომელიც დაღლილობისას ან დახუთულ ოთახში ყოფნისას წარმოიქმნება. იგი გამოიხატება ღრმა და ხანგრძლივი ჩასუნთქვით, შემდგომ კი შედარებით სწრაფი ამოსუნთქვით. მთქნარება ხშირად მიბაძვითი ქმედებაა. როდის არის მთქნარება ნორმა და ჯანმრთელობის რა პრობლემაზე შეიძლება მიგვანიშნებდეს ხშირი მთქნარება?
კითხვებს ბათუმის სამედიცინო ცენტრის შინაგანი მედიცნის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ექიმი-თერაპევტი მადონა შაინიძე პასუხობს.
მადონა ექიმო, დავიწყოთ თავიდან და განვმარტოთ რა არის მთქნარება? რა პროცესი მიმდინარეობს ამ დროს ორგანიზმში?
მთქნარება უნებლიე სუნთქვითი მოძრაობაა, რომლის დროსაც ხდება ღრმად ჩასუნთქვა და ენერგიული ამოსუნთქვა. ამ დროს ორგანიზმში ჩვეულებრივზე დიდი რაოდენობით ჟანგბადი ხვდება. ეს ეხმარება ტვინის გააქტიურებას, დუნდება კუნთები და ფართოვდება სასუნთქი გზები, შედეგად უმჯობესდება თავის ტვინის მუშაობა.
რა შეიძლება იყოს გახშირებული მთქნარების მიზეზები?
მთქნარება უმეტესად მაშინ იწყება, როცა ადამიანი ახალგამოღვიძებულია, მოწყენილია, შეშფოთებულია, შეიძლება იყოს მშიერი, ასევე, როცა ხედავს, რომ სხვა ამთქნარებს.ბევრი ჰიპოთეზა არსებობს მთქნარებასთან დაკავშირებით, თუმცა დღემდე მისი ფიზიოლოგიური დატვირთვა ბოლომდე ამოცნობილი არ არის. ძირითად მიზეზად მაინც სახელდება ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ბალანსის დარღვევა. გახშირებული მთქნარების მიზეზი ასევე შეიძლება იყოს პაციენტის მიერ ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატების ან ანტიდეპრესანტების მიღება.
რა შეიძლება იყოს ჰაერის უკმარისობის მიზეზები?
ადამიანი წუთში დაახლოებით 16-ჯერ ჩაისუნთქავს, მაგრამ ეს იმდენად ავტომატურად ხდება, რომ ყურადღებას არ ვაქცევთ. ყურადღებას ვამახვილებთ მაშინ, როდესაც არის რაღაც დისკომფორტი ს
უნთქვასთან დაკავშირებით. ჰაერის უკმარისობა შეიძლება იყოს როგორც ქრონიკული, ისე მწვავედ განვითარებული. ქრონიკული ძირითადად ვითარდება გულისა და სასუნთქი სისტემის ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა, მაგალითად, ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და თანდათანობით, ნელ-ნელა ვითარდება სუნთქვის უკმარისობა.
რაც შეეხება სუნთქვის მწვავე უკმარისობას, ეს უფრო საშიში მდგომარეობაა, უცებ, სწრაფად ხდება და მოითხოვს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. ასეთი შემთხვევებია სასუნთქ გზებში რაიმე უცხო სხეულის მოხვედრა ან მექანიკურად შევიწროება, ვინაიდან ჰაერი არ ტარდება და ვითარდება მწვავე უკმარისობა.
უცებ განვითარებული სუნთქვის უკმარისობა ასევე ახასიათებს კარდიოლოგიურ პრობლემებსაც.
რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ?
პირველ რიგში, დროულად უნდა მივმართოთ ექიმს (ზოგადი პროფილის ექიმი – თერაპევტი და ოჯახის ექიმი), რომელიც მიზეზიდან გამომდინარე გადაამისამართებს პაციენტს კარდიოლოგთან, ენდოკრინოლოგთან თუ სხვა პროფილის ექიმთან და დავიწყოთ მკურნალობა. უნდა შევწყვიტოთ თამბაქოს მოხმარება, რაც ძალიან დიდ როლს თამაშობს სასუნთქი სისტემისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარებაში და შესაბამისად, შემდგომ სუნთქვის უკმარისობის განვითარებაში. უნდა შევზღუდოთ კონტაქტი ალერგენებთან, ტოქსინებთან და ქიმიურ ნივთიერებებთან, ასევე, ზომიერი ფიზიკური დატვირთვა არის აუცილებელი, რომ არ მოდუნდეს ორგანიზმი. კარგია სუნთქვითი ვარჯიშები.