თავის ტკივილი ძალიან გავრცელებული მდგომარეობაა, რომელსაც ადამიანების უმრავლესობა მრავალჯერ განიცდის ცხოვრების განმავლობაში. ეს არის ტკივილი თავის ან სახის არეში, რომელიც ხშირად აღწერილია, როგორც პულსირებადი, მუდმივი, მკვეთრი ან ყრუ.
თავის ტკივილი შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ტკივილის ტიპის, სიმძიმის, ლოკალიზაციისა და სიხშირის მიხედვით. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ექიმი ნევროლოგი ელგა ჩხენკელი ამბობს, რომ მართალია, თავის ტკივილი ხშირად საშიში არ არის, თუმცა მისი ზოგიერთი ტიპი შეიძლება უფრო სერიოზული მდგომარეობის მანიშნებელი იყოს, ამიტომ ამ პრობლემის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება.
- ქალბატონო ელგა, რა სახის თავის ტკივილი არსებობს?
თავის ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს სრულიად ბანალური, ძალიან მარტივი მიზეზით, მაგრამ შეიძლება მის უკან იმალებოდეს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაც.
მაგალითად, ნებისმიერი ვირუსული ინფექცია, ნებისმიერი ინტოქსიკაცია შეიძლება გამოვლინდეს თავის ტკივილით. იმის დიფერენცირებას, თუ რა ხასიათისაა თავის ტკივილი, ახდენს ნევროლოგი.
არის ნერვული სისტემის დაავადებით გამოწვეული თავის ტკივილი და არის ნერვული სისტემის გარეთ, სხვა სისტემების დაავადებებით გამოწვეული თავის ტკივილი, რა შემთხვევაშიც თავის ტკივილი არის ზოგადი სიმპტომი.
თავის ტკივილის ბევრი სახეობა არსებობს, თუმცა ისინი იყოფა ორ ძირითად კატეგორიად: პირველადი და მეორადი ტკივილი.
პირველადი თავის ტკივილი ნიშნავს, რომ უშუალოდ ნერვული სისტემის დაავადებაა, რომლის ერთ-ერთი ნიშანი არის თავის ტკივილი, მეორადი ნიშნავს, რომ თავის ტკივილი არის სხვა დაავადების ერთ-ერთი კლინიკური გამოვლინება – სიმპტომი ან ნიშანი.
- რა შეიძლება იყოს პირველადი თავის ტკივილის მიზეზები?
პირველადი თავის ტკივილის ყველაზე გავრცელებული ტიპია დაძაბვის თავის ტკივილი, რომლის ძირითადი გამომწვევიც სტრესია (ახასიათებს მოჭერითი ხასიათის ტკივილი); საკმაოდ ხშირია პოპულაციაში შაკიკის თავის ტკივილი.
ასევე, არის კლასტერული თავის ტკივილი, რომელიც მართალია, ნაკლებად გავრცელებულია, მაგრამ მაინც გვხვდება – ეს არის ძალიან ძლიერი, აუტანელი ნევრალგიური ტკივილის შეტევები, რომელიც გვხვდება უფრო 20-45 წლის კაცებში. მისი წარმოშობის მექანიზმი და მიზეზი ბოლომდე ცნობილი არ არის (შაკიკის მსგავსად). თავის ტკივილი გრძელდება 30-45 წუთი, თუმცა ზოგჯერ უფრო ხანმოკლეა, ზოგჯერ – უფრო ხანგრძლივი. შეტევები შეიძლება გაგრძელდეს 10-14 დღის განმავლობაში.
არსებობს კიდევ რამდენიმე, პირველადი თავის ტკივილის ნაკლებად გავრცელებული ფორმა. ზოგიერთი პირველადი თავის ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს გარემო ფაქტორებით ან სიტუაციებით – მაგალითად, ძილის ნაკლებობით, შიმშილით. ასევე, თავის ტკივილი შეიძლება განვითარდეს ხველისა და ტირილის გამო.
- რა შეიძლება იყოს მეორადი თავის ტკივილის მიზეზი?
მეორადი თავის ტკივილი აღმოცენდება, როგორც სხვა დაავადების თანმხლები სიმპტომი და თავისი კლინიკური მნიშვნელობით შეიძლება იყოს ძალიან საყურადღებო იმიტომ, რომ შეიძლება მეორადმა თავის ტკივილმა დამალოს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა.
მაგალითად, ნებისმიერი მოცულობითი წარმონაქმნი – სიმსივნე, აბსცესი, პარაზიტული ჩანართი, ანევრიზმა – შეიძლება დასაწყისში გამოვლინდეს თავის ტკივილით, ასევე ნეიროინფექციების (მენინგიტი და ენცეფალიტი) ერთ-ერთი უხშირესი გამოვლინება თავის ტკივილია.
აქვე შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ მეორადი თავის ტკივილის მიზეზი ხშირად ხდება შფოთვითი აშლილობა. საქმე ის არის, რომ ამ დროს ხდება ნეირომედიატორების გამოყოფა, რაც იწვევს კუნთების დაჭიმულობას, შემდეგ იჭიმება აპონევროზი (სკალპი). დაძაბვის თავის ტკივილიც სწორედ ამას ნიშნავს, რომ აპონევროზი დაიჭიმა და იმის მიხედვით, თუ რომელი ქსელი დაიჭიმება აპონევროზის – ხან ერთ მხარეს სტკივა პაციენტს, ხან მეორე მხარეს.
ხშირად დაძაბვის თავის ტკივილი ვითარდება როცა ხერხემლის გამო ტანადობა არის დარღვეული, მაგალითად სკოლიოზის დროს ზურგის, კისრის კუნთები არასწორად იჭიმება, დაჭიმულია აპონევროზიც და ძალიან ხშირად ყოფილა, რომ თავის ტკივილის მიზეზი ხერხემლის გამრუდება ან სქოლიოზის რომელიმე ფორმა აღმოჩენილა.
- რამდენად უსაფრთხოა გამაყუჩებლებით თვითმკურნალობა?
გარდა იმისა, რომ შესაბამისი დიაგნოსტირებისა და მკურნალობის გარეშე შეიძლება ჯანმრთელობის სერიოზული მდგომარეობა გამოგვეპაროს, ძალიან ხშირია, როცა თავის ტკივილის გამომწვევი მიზეზი ხდება თავად იმ მედიკამენტების (ანალგეტიკები, არასტეროიდები) ხშირი გამოყენება, რომლებსაც ადამიანი ტკივილის გასაყუჩებლად მოიხმარს.
სხვათა შორის, ამით გამოწვეული თავის ტკივილის მკურნალობა ძალიან რთულია. ძალიან ძნელია ამ დროს მედიკამენტების ჩანაცვლება, ამიტომ არ არის რეკომენდებული გამაყუჩებლების სისტემატური გამოყენება და უნდა მივმართოთ ექიმს.
- რამდენად ხშირია თავის ტკივილი, რომლის რეალური მიზეზიც წნევაა?
კლინიკურად, ჩემს პრაქტიკაში ყველაზე ხშირია არტერიული წნევის მომატებით განპირობებული თავის ტკივილი. როგორც კი პაციენტი წნევას დაარეგულირებს, თავის ტკივილი ლაგდება.
უმრავლეს შემთხვევაში პაციენტები ამბობენ, რომ თავის ტკივილის დროს წნევას არ იზომავენ. მიიჩნევა, რომ წნევა არ არის ახალგაზრდა ასაკის პრობლემა, მაგრამ სამწუხაროდ არის შემთხვევები, როცა ახალგაზრდა ასაკშიც გვხვდება მაღალი არტერიული წნევა, რაც საკმაოდ საყურადღებოა.
მაგალითად, გაიზომავს წნევას ზოგი და იმ შემთხვევაშიც, თუ არის 140, 150, მერე 170, ამბობენ – „მერე რა“, ამ დროს ეს არის არტერიული ჰიპერტენზიის უკვე პირველი სტადია, რომლის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამოვლინება არის თავის ტკივილი. არტერიული ჰიპერტენზია არის დაავადება, რომელსაც შეუძლია სიცოცხლისთვის ძალიან საშიში მდგომარეობების გამოწვევა.
- რა რეკომენდაციები არსებობს თავის ტკივილთან მიმართებაში?
პირველ რიგში, თავის ტკივილის დროს ადამიანებმა უნდა გაიზომონ წნევა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ, რომ თავის ტკივილი რომელიც გამოწვეულია ჰიპერტენზიით, მომავალში არის ინსულტის განვითარების დიდი რისკფაქტორი .
ექიმთან მისვლამდე ძალიან კარგი იქნება ჟურნალის წარმოება, თავის ტკივილის სიხშირესა და ინტენსივობაზე, ასევე მაპროვოცირებელ მიზეზებზე, რომელთა განსაზღვრაც მომავალში დაგვეხმარება თავის ტკივილის პრევენციაში.
რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესი და ძილის მოწესრიგება.
წყარო: ბათუმელები