საშვილოსნოს ყელის კიბო საქართველოში, ქალთა ონკოლოგიურ დაავადებებს შორის მეხუთე ადგილზეა. მისი ერთადერთი გამომწვევი მიზეზი პაპილომა ვირუსია. ჩივილები გვიან სტადიაზე ვლინდება, როდესაც მკურნალობა და ოპერაციული ჩარევა დაგვიანებულია. პაპილომა ვირუსით გამოწვეული დაზიანების დროული გამოვლენა მნიშვნელოვანია, რადგან საწყის ეტაპზე მისი მკურნალობა შესაძლებელია. სახელმწიფო, მოქალაქეებს უფასო სკრინინგ პროგრამას სთავაზობს. მასში ჩართულია მრავალპროფილური კლინიკა BMC
რას გულისხმობს სახელმწიფო პროგრამა, რატომ არის სასურველი სკრინინგში ჩართვა და რას მოიცავს კვლევა? კითხვებით BMC –ის მეან – გინეკოლოგ, ნათია მელუას მივმართეთ.
პირველ რიგში გვითხარით, რატომ უნდა ჩავიტაროთ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი?
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგით შესაძლებელია გამოვლინდეს კიბოსწინარე დაავადებები და ინფექციები. PAP ტესტის საშუალებით ვლინდება საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი – ადამიანის პაპილომა ვირუსით გამოწვეული ცვლილებები. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ავთვისებიანი სიმსივნისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებაა.
რას მოიცავს კვლევა?
საშვილოსნოს ყელის კიბოს კვლევა მოიცავს: PAP ტესტის ჩატარებას, პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში – კოლპოსკოპიას, ასევე, ბიოფსიური მასალის აღებასა და ჰისტოლოგიურ კვლევას. BMC – ში ყველა პროცედურის ჩატარებაა შესაძლებელი.
ვის შეუძლია სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა?
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ 26-60 წლის ასაკის ქალებს, სამ წელიწადში ერთხელ.
რას გულისხმობს PAP ტესტი, როგორ ხდება მისი აღება?
PAP ტესტი საშვილოსნოს ყელის ნაცხის გამოკვლევას გულისხმობს. მისი საშუალებით ვლინდება ადამიანის პაპილომავირუსით გამოწვეული ცვლილებები, ეს ვირუსი საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების უმთავრესი მიზეზია. პროცედურა შემდეგნაირად ხორციელდება: საშვილოსნოს ყელის ე. წ T (ტრანსფორმაციის) ზონიდან გინეკოლოგი შპადელით ანუ ფუნჯით იღებს ნაცხს, რომელიც სათანადო წესების დაცვით თავსდება სასაგნე მინაზე და იგზავნება ეროვნული სკრინინგ ცენტრის ლაბორატორიაში მიკროსკოპული გამოკვლევისთვის.
საჭიროა თუ არა ტესტისთვის წინასწარი მომზადება?
განსაკუთრებულ მომზადებას გამოკვლევა არ საჭიროებს, თუმცა აუცილებელია გარკვეული პრინციპების დაცვა. პაპ ტესტი არ კეთდება მენსტრუაციის დროს, ტესტის ჩატარებამდე 48 სთ-ის განმავლობაში საჭიროა სქესობრივი ცხოვრებიდან თავშეკავება, გამოკვლევის წინა დღეს არ უნდა იქნეს გამოყენებული ტამპონები, ნებისმიერი ვაგინალური სანთლები, საშოს სანაცია. ნაცხის აღება უნდა მოხდეს სპეციალური ჯაგრისით საშვილოსნოს ყელზე სხვა რაიმე ტიპის ჩარევამდე.
რაც შეეხება კოლპოსკოპიას, რას იკვლევს იგი და როდის უნდა მივმართოთ ამ პროცედურას?
კოლპოსკოპია ენდოსკოპიური კვლევის უმტკივნეულო და მარტივი მეთოდია, რომელიც ექიმს საშუალებას აძლევს გამოავლინოს საშვილოსნოს ყელსა და საშოზე არსებული პათოლოგიური პროცესები. იგი საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოსტიკაში ერთ-ერთი წამყვანი კვლევის მეთოდია. მის ჩასატარებლად გამოიყენება სპეციალური აპარატი – ბინოკულარული მოკროსკოპი, რომელსაც კოლპოსკოპია ეწოდება. ის წარმოადგენს გამადიდებელ ოპტიკურ – ენდოსკოპიურ ინსტრუმენტს, რომელიც შესაბამისი გადიდებისა და განათების პირობებში საშუალებას გვაძლევს გამოვიკვლიოთ საშოსა და საშვილოსნოს ყელის ეპითელიუმი. კოლპოსკოპიის ჩატარება რეკომენდირებულია საშოდან სისხლიანი გამონადენისას, რომელიც არ უკავშირდება მენსტრუალურ ციკლს, ტკივილის და სქესობრივი აქტის დროს სისხლიანი გამონადენის შემთხვევაში, მუცლის ქვედა არეში ყრუ ტკივილის დროს კონდილომატოზის ყრუ ტკივილის დროს, საშოდან გამონადენისა და ქავილის დროს.
სკრინინგი იძლევა შესაძლებლობას, გამოვლინდეს საშვილოსნოს ყელის ქსოვილში განვითარებული პათოლოგიური ცვლილებები. კიბოს ადრეული აღმოჩენისა და მკურნალობის შედეგად კიბოს თავიდან აცილება 100-დან 75 შემთხვევაშია შესაძლებელი.