გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიოში და კონკრეტულად საქართველოშიც, სიკვდილიანობის ძირითად მიზეზად მოიაზრება. ამ დაავადებების შიდა სტრუქტურაში სიკვდილიანობის შესაფასებლად 10 ძირითად მიზეზს ასახელებენ, ერთ-ერთი მათგანი კი აორტის ანევრიზმაა.
ექიმები მას „ჩუმ სიკვდილსაც“ ეძახიან, დაავადების ვერაგი ხასიათის გამო – იგი შეიძლება სიმპტომების გარეშე მიმდინარეობდეს და გამოჩნდეს მხოლოდ მაშინ, როცა უკვე გართულებული ფორმაა, ანუ როცა ანევრიზმა სკდება. ეს, ზოგ შემთხვევაში, ადამიანის მომენტალურ გარდაცვალებას იწვევს.
„ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ სისხლძარღვთა ქირურგი, გიორგი ხელაძე ამბობს, რომ ამ დაავადებასთან ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა აქვს პროფილაქტიკურ კვლევებს იმ ადამიანებისთვის, ვინც რისკის ჯგუფშია.
- ბატონო გიორგი, რა არის ანევრიზმა?
ანევრიზმა არის სისხლძარღვის კედლის გაფართოება, როდესაც მისი დიამეტრი ნორმასთან შედარებით ფართოა. ეს შეიძლება იყოს ამობერილობა, გაფართოვდეს მთლიანი სისხლძარღვი ან მისი გარკვეული (მაგალითად, წინა ან გვერდითა) კედელი. ანევრიზმა საშიშია, რადგან ის დროთა განმავლობაში იზრდება და როდესაც ის მიაღწევს გარკვეულ დიამეტრს (მაგალითად, აორტის შემთხვევაში, როდესაც მიაღწევს 50 მმ-ს) სკდება. როგორც წესი, ის სკდება მაღალი არტერიული წნევის დროს, რა დროსაც დიდი რაოდენობით სისხლი იღვრება სხვადასხვა ადგილას.
ანევრიზმას მეორენაირად უწოდებენ ჩუმ სიკვდილს, რადგან ხშირ შემთხვევაში არ ახასიათებს სიმპტომების გამოვლენა, პაციენტები ჩივილებს ვერ წარმოადგენენ.
ლოკალიზების მიხედვით, ყველაზე ხშირია მუცლის აორტის ანევრიზმა.
- რა მიიჩნევა ანევრიზმის რისკ–ფაქტორებად?
ანევრიზმის განვითარების რისკფაქტორებია ასაკი, ოჯახის ისტორია, ცხოვრების წესი, სამედიცინო მდგომარეობა ან სქესი.
მაგალითად, რისკფაქტორად მიიჩნევა არაჯანსაღი ცხოვრების წესი, თამბაქოს მოხმარება და ალკოჰოლის ჭარბად მიღება; ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობა – იმუნიტეტის დაქვეითება, შაქრიანი დიაბეტი, ათეროსკლეროზი.
რისკფაქტორებში ძალიან მნიშვნელოვანია მემკვიდრული განწყობა ანევრიზმის მიმართ. თუ კი ოჯახში ან წინაპრებში ვინმეს ჰქონდა ანამნეზში ანევრიზმა, უნდა გაფრთხილდნენ მისი პირდაპირი ნათესავები (შვილები, და-ძა) და აუცილებლად მიმართონ ექიმს, რათა ის გამოირიცხოს.
მნიშვნელოვანი რისკფაქტორია მაღალი წნევა, ზოგიერთი ადამიანი ისე ატარებს მაღალ წნევას, რომ საერთოდ ვერ გრძნობს, ამიტომ წნევის კონტროლი აუცილებელია.
ანევრიზმის რისკჯგუფში არიან კაცები, განსაკუთრებით საპენსიო ასაკის, ანუ 65-ზე მეტი წლის – მათ უნდა ჩაიტარონ სკრინინგი: მთელი სხეულის კომპიუტერული ტომოგრაფია.
- როგორია ანევრიზმის გასკდომის გარეგანი ნიშნები?
გასკდომით გართულებულ შემთხვევაში ადამიანს ასხამს ცივი ოფლი, ზოგჯერ ხდება გონების დაკარგვა, გააჩნია, სად სკდება ანევრიზმა. სანამ ანევრიზმა გასკდება, ზოგიერთ პაციენტს აქვს ასეთი სიმპტომი – ჭიპის არეში ხელის დადებისას აღინიშნება მოპულსირე წარმონაქმნი. გარდა ამისა, წელის არეში, თირკმლებთან იწყება ტკივილი, შეიძლება თირკმლის ჭვალიც გეგონოს და აღმოჩნდეს ანევრიზმა. მაგრამ საქმე ის არის, რომ უშუალოდ გასკდომა საკმაოდ გვიანი და შორსწასული შემთხვევაა. ჩარევა საჭიროა მანამდე.
- როგორ ხდება ანევრიზმის დიაგნოსტირება?
ევროპის ქვეყნებში ყველა პენსიონერ ადამიანს იბარებენ გამოკვლევაზე და უფასოდ იკვლევენ ექოსკოპიის საშუალებით. ეს რუტინული კვლევაა, რომელიც ძალიან სანდოა მუცლის აორტის ანევრიზმის გამოსავლენად. ანევრიზმა შეიძლება გამოვლინდეს კომპიუტერული ტომოგრაფიითაც.
- რას ნიშნავს ანევრიზმის მკურნალობა?
თანამედროვე მსოფლიოში დანერგილია სხვადასხვა ლოკალიზების აორტის ანევრიზმის მკურნალობის უსისხლო მეთოდები. ჩვენ ვაკეთებთ ოპერაციებს როგორც ღია წესით (ანუ ტრადიციული მეთოდით), ისე ენდოვასკულური (სისხლძარღვს შიგნიდან), ანუ უსისხლო ჩარევის მეთოდით. აორტის ანევრიზმის მკურნალობა ამ მეთოდებით ხდება, როგორც გეგმური, ისე გასკდომით გართულებული შემთხვევების დროს, ანუ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისთვისაც.
ამ დროს დაზიანებული სისხლძარღვის ადგილზე ვსვამთ სპეციალურ სტენტს, ანევრიზმა გამოეთიშება მოცირკულირე სისხლს და ის უკვე ახალ, სინთეტიკურ (ხელოვნურ) მასალაში იმოძრავებს. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი უკვე დაცულია ანევრიზმის გასკდომისგან.
უსისხლო ჩარევების როლი განსაკუთრებით დიდია, როდესაც ადამიანს სისხლის დიდი დანაკარგი აქვს და ოპერაცია ღია წესით კიდევ უფრო მეტი ტრავმაა მისთვის. ასეთ დროს ბარძაყის არტერიიდან პატარა განაკვეთით ხდება ანევრიზმის გათიშვა – სისხლდენის შეჩერება, რაც სიცოცხლის გადამრჩენელი ოპერაციაა გართულებული პაციენტებისთვის.
ღია, ტრადიციული მეთოდით ოპერაციის დროს, მუცლის აორტის შემთხვევაში ხდება მუცლის გაკვეთა და ჩანაცვლება ხელოვნური სისხლძარღვოვანი საპროთეზო სისხლძარღვის მასალით – ვაკერებთ ხელით ანუ ანევრიზმა შეიცვლება ხელოვნური სისხლძარღვით, რომელშიც მოძრაობს სისხლი.
- როგორია ოპერაციის რისკები ანევრიზმის გასკდომის დროს და მისი გეგმურად ჩატარების შემთხვევაში?
ანევრიზმის გახეთქვის შემდეგ პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია, დიდია სისხლის დანაკარგი – სისხლი ჩაღვრილია კუნთებში, სხვადასხვა ორგანოში, სისხლით გაჟღენთილია ქსოვილები და ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი პრობლემაა ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნების თვალსაზრისით. რაც უფრო ნაკლებია სისხლის დანაკარგი, მით მეტია ადამიანის გადარჩენის შანსი.
როცა გეგმურად კეთდება ანევრიზმის ოპერაცია, პაციენტი მომზადებულია, სისხლის დანაკარგი არ არსებობს, ოპერაციაც კეთდება მინიმალური სისხლის დანაკარგით. შესაბამისად, მაღალი შანსია, რომ გეგმურ შემთხვევებში ოპერაცია იქნება წარმატებული და პაციენტისთვის ადვილად გადასატანი (მაგალითად, ენდოვასკულურის დროს შანსი 95%-ზე მეტია), ხოლო გასკდომით გართულებულ შემთხვევებში მაღალია პაციენტის გარდაცვალების შანსი – რისკი 50%-მდე, თუ კი პაციენტს ბევრი სისხლი აქვს დაკარგული.
- ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაცია და რეკომენდაციები როგორია?
როდესაც კეთდება უსისხლო ოპერაცია, ანუ გაჭრის გარეშე – ენდოვასკულურად, ადამიანის დაყოვნება კლინიკაში არის 2 დღე და მას არ სჭირდება რაიმე ტიპის რეაბილიტაცია, მას შეუძლია მესამე დღეს დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს, იაროს სამსახურში და ა.შ. უსისხლო ოპერაცია არის ბევრად უფრო ნაკლებად ტრავმული, ვიდრე ღია, ტრადიციული მეთოდებით გაკეთებული ოპერაცია.
თუმცა, როდესაც ენდოვასკულური ჩარევა კეთდება, პაციენტმა წელიწადში ერთხელ უნდა გადაიმოწმოს, თუ როგორ იქცევა მისი ენდოპროთეზი, ანუ ჩაყენებული სტენტი.
ღიად გაკეთებული აორტის ანევრიზმის ოპერაციის შემთხვევაში, პაციენტი ერთი წლის შემდეგ გადაიღებს კომპიუტერულ ტომოგრაფიას და მერე უკვე აღარ სჭირდება ყოველწლიური მონიტორინგი. გადამოწმება საჭიროა იმიტომ, რომ ადგილი არ ჰქონდეს ანევრიზმის პარკში სისხლის გაჟონვას. თუ ამ უსისხლო ოპერაციას მოჰყვა რაიმე ტიპის გართულება, ასევე უსისხლოდ შესაძლებელია ამ გართულებების მკურნალობა, სჭირდება მეთვალყურეობა.
ოპერაციის შემდეგ პაციენტმა თამბაქოს მოხმარება სრულად უნდა შეზღუდოს, ალკოჰოლი უნდა მიიღოს მცირე დოზით ან საერთოდ უარი უნდა თქვას. ფიზიკურ აქტივობაზე შეზღუდვა არ არის.