გიჭირთ დაძინება, ძილის შენარჩუნება ან გეღვიძებათ ადრე და ვეღარ იბრუნებთ ძილს? მაშინ, შესაძლოა საქმე გქონდეთ ინსომნიასთან, ანუ ძილის საერთო დარღვევასთან. გარდა იმისა, რომ უძილობამ შეიძლება დააქვეითოს ადამიანის განწყობა, ამასთან მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე, შრომისუნარიანობასა და ცხოვრების ხარისხზე.
რამდენ საათს უნდა ეძინოს ადამიანს და რა გავლენას ახდენს უძილობა? კითხვებს BMC – ის ნევროლოგი, ინგა შავაძე პასუხობს.
ინგა ექიმო, რა როლი აქვს ძილს და რა მიიჩნევა გამოძინებად?
მოგეხსენებათ, ძილში ხდება ორგანიზმისთვის სასიცოცხლო ძალების აღდგენა. შესაბამისად, სტაბილური ფიზიოლოგიური ძილი აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ ორგანიზმი ნორმალურად ფუნქციონირებდეს და ადამიანი იყოს შრომისუნარიანი.
დღე-ღამეში 7-9 საათი ძილი მიიჩნევა ნორმად, თუმცა +- 1 საათი არ არის დარღვევა. ხშირად, ეს ინდივიდუალურია, ზოგიერთს უფრო მეტი დრო შწირდება გამოსაძინებლად, ზოგს-ნაკლები.
ნებისმიერ შემთხვევაში, როცა არის ჩაძინების დარღვევა, ირღვევა ძილის უწყვეტობა, ხდება ნაადრევი გაღვიძება, არასრულფასოვანი ძილი, რომლის შემდეგაც ადამიანი თავს გრძნობს დაღლილად და დილით არ აქვს იმის შეგრძნება, რომ გამოძინებულია. თუ ეს გრძელდება 3 თვეზე მეტ ხანს, საქმე გვაქვს ინსომნიასთან, რომელსაც აუცილებლად სჭირდება კვალიფიციური ექიმის ჩარევა.
რა შეიძლება იყოს უძილობის გამომწვევი მიზეზები?
უძილობის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს როგორც პირველადად, ძილის დარღვევა, ისე მეორადად, სხვადასხვა ტიპის სომატური დაავადების ფონზე განვითარებული.
რაც შეეხება პირველად უძილობას – როცა სომატური პრობლემების არარსებობის შემთხვევაში ადამიანს უჭირს ჩაძინება, სძინავს წყვეტილად ან ეღვიძება ადრე – ამ შემთხვევაში საუბარია ძილის პირველად დარღვევაზე, რომელიც შესაძლოა იყოს როგორც ფსიქოგენური, ისე ორგანული ბუნების.
ორგანული ძილის დარღვევები გვაქვს ინსულტის, თავის ტვინის სიმსივნის, ტრავმის დროს და ა.შ.,ხოლო ფსიქოლოგიური გენეზის ძილის დარღვევები ახლავს თითქმის ყველა ტიპის მენტალურ დაავადებას/პრობლემას, მაგ. შიზოფრენია, დეპრესია, შფოთვითი აშლილობა თუ სხვა.
ჩაძინების პრობლემა შესაძლოა გამოიწვიოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა: გვიან ჭამა, კოფეინის შემცველი სასმელების
(ყავა, ჩაი, კოლა)ან ალკოჰოლის მიღება, ასევე ძილზე შეიძლება იმოქმედოს ისეთმა გამაღიზიანებელმა, როგორიცაა გარემოს შეცვლა.
აქვე, აუცლებლად უნდა ვისაუბროთ საძილე აბების გამოყენებაზე, რომელსაც ადამინები ხშირად თვითნებურად იღებენ.
სამწუხაროდ, ადამიანები ხშირად გვიან ხვდებიან რომ უძილობა მნიშვნელოვანი პრობლემაა. ხშირად, პაციენტები მკურნალობას იწყებენ ვიღაცის გამოცდილებაზე დაფუძნებული მეთოდებით, „მეზობელს არ ეძინა, სვამდა ამ წამალს, ამიტომ მეც დავიწყე“ და როგორც წესი, როცა ექიმთან მოდიან, ჩვენ გვიწევს ბრძოლა არა მარტო უძილობასთან, არამედ წამალდამოკიდებულებასთანაც.
არსებობს უძილობის სახეები, რომლებიც გვარდება ფსიქოთერაპიით ან ძილის ჰიგიენის მოგვარებით.
რას ნიშნავს ძილის ჰიგიენა?
ადამიანი არ უნდა იყოს ზოგადად ეკრანზე დამოკიდებული, ჩაძინებამდე კი (რამდენიმე საათით ადრე) აუცილებლად უნდა მოშორდეს ეკრანს;
არ უნდა მიიღოს ალკოჰოლი და კოფეინის შემცველი სასმელი დაძინებამდე 4-5 საათით ადრე (შესაძლოა ალკოჰოლმა ერთჯერადად მოგვცეს რელაქსაცია, მაგრამ შემდეგ იწვევს დარღვევას უფრო მეტად, ვიდრე იყო მანამდე);
არ დანაყრდეს დაძინებამდე 2-3 საათით ადრე; არ მიიღოს კოფეინის შემცველი სასმელები ძილის წინ;
მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, შეიქმნათ ძილისთვის კომფორტული გარემო;
ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი, მათ შორის, ფეხით სიარული, თუმცა მოწოდებულია აგრეთვე ის, რომ დაძინებამდე 2-3 საათის ფარგლებში მძიმე ფიზიკური დატვირთვა პირიქით მოქმედებს და ტვინის აქტივობას იწვევს. ფიზიკური აქტივობა უნდა იყოს ზომიერი.
რას შეიძლება გამოწივიოს თუ ადამიანს წლების განმავლობაში დღე–ღამეში მხოლოდ რამდენიმე საათი სძინავს?
ადამიანი რომ თავისი ცხოვრების 1/3 ძილში ატარებს, აქედანაც ვხვდებით, თუ რა მნიშვნელოვანია ძილი ორგანიზმისთვის. უძილობისას ძალიან ბევრი ფუნქცია გვერღვევა ორგანიზმში. ზოგიერთი ადამიანისთვის ღამით 5-საათიანი ძილი შეიძლება იყოს ნორმა, მაგრამ თუ ადამიანისთვის ძილი არის არასრულფასოვანი და ეს გრძელდება ხანგრძლივად, სიმპტომები ღრმავდება და საბოლოოდ მივდივართ იქამდე, რომ ადამიანის შრომისუნარიანობა ქვეითდება. თუ ადამიანი დროულად მიმართავს ექიმს, პრობლემის გადაჭრა შედარებით მარტივია.
ჩვენ ვისაუბრეთ, რომ შეიძლება შფოთვა და ნევროზი იწვევდეს უძილობას, მაგრამ ასევე შესაძლებელია, რომ ხანგრძლივი უძილობა, პირიქით, იწვევდეს შფოთვით აშლილობას, გაღიზიანებადობას და ა.შ.
როგორია მკურნალობა?
რიგ შემთხვევებში საჭირო ხდება მედიკამენტური ჩარევა, ეს დამოკიდებულია იმაზე, ძილის დარღვევა პირველადია თუ მეორადი.
თუ მეორადია, პირველადი სომატური ფაქტორების საწინააღმდეგოდ ვიწყებთ ბრძოლას.
თუ ძილის დარღვევა გამოწვეულია ფსიქოლოგიური ფაქტორებით, მაგალითად, პაციენტს აქვს შფოთვითი აშლილობა, დეპრესია – უნდა ვიმუშაოთ შესაბამისი პრობლემის მოგვარებაზე, თუმცა ამ შემთხვევაშიც შეიძლება დაგვჭირდეს საძილე პრეპარატების ჩართვა. მაგრამ თუ არის ძილის პირველადი დარღვევა, რომელსაც არ იწვევს სხვა რომელიმე დაავადება და გარემო ფაქტორები, ვირჩევთ ე.წ. ჰიპნოტიკებს ანუ საძილე პრეპარატებს, რომელთა ჯგუფის შერჩევაც ექიმის მიერ, ინდივიდუალურად წყდება.