სათესლე პარკის ვენების ვარიკოზული გაფართოება, იგივე ვარიკოცელე ჩვეულებრივ მოზარდობის ასაკში ყალიბდება და დროთა განმავლობაში ვითარდება. მას შეუძლია გამოიწვიოს გარკვეული დისკომფორტი ან ტკივილის შეგრძნება, მაგრამ ხშირად იგი სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ვარიკოცელემ შეიძლება ხელი შეუშალოს სათესლე ჯირკვლის ნორმალურ განვითარებას, ხელი შეუწყოს სპერმის დაბალ წარმოებას ან სხვა პრობლემებს, რაც „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ უროლოგის, გელა ლომაძის განმარტებით, მამაკაცთა უნაყოფობის ხშირი მიზეზია.
- ბატონო გელა, რა არის ვარიკოცელე?
ვარიკოცელე არის სათესლე პარკის ვენების ვარიკოზული გაფართოება. ეს არის ძალიან გავრცელებული დაავადება, რომელიც საკმაოდ რთულად მიმდინარეობს იმ მხრივ, რომ იწვევს სათესლე ჯირკვლის ატროფიას საბოლოო ჯამში და მამაკაცთა უშვილობის 30% გამოწვეულია სწორედ ამ დაავადებით. ეს თანდაყოლილი დაავადებაა, ამიტომ ბავშვთა ასაკში აუცილებელია ამ პრობლემაზე გასინჯვა, თუმცა ძირითადად მისი გამოვლინება ხდება სქესობრივი მომწიფების შემდეგ.
ახლაც, როცა ჯარში წაყვანამდე სამედიცინო შემოწმებას გადიან ახალგაზრდები, ისინჯებიან ვარიკოცელეს არსებობაზე იმის გამო, რომ დატვირთვამ არ გამოიწვიოს გარკვეული პრობლემები, ცუდი შეგრძნებები სათესლე ჯირკვალში და ასე შემდეგ.
ვარიკოცელეს მკურნალობის საჭიროება განისაზღვრება სათესლე ჯირკვლის ვარიკოზული ვენის სიფართით. ეს სიფართე როდესაც არის 1-2 მმ, საერთოდ არ არის ლაპარაკი ამ დაავადებაზე, როცა არის 2-3 მილიმეტრამდე, მაშინ ჩივილების ან სპერმოგრამაში ცვლილებების მიხედვით გადაწყვეტილება მიიღება ოპერაციული ჩარევაზე.
როდესაც 3.5 მილიმეტრზე მეტია ჯირკვლის ვარიკოზული ვენის სიფართე, მაშინ ოპერაცია აუცილებლად არის გასაკეთებელი, მიუხედავად იმისა, როგორია სპერმოგრამის მაჩვენებელი და აპირებს თუ არა წყვილი შვილის გაჩენას. საქმე ის არის, რომ ამ დროს იმდენად არის დარღვეული სისხლის მიმოქცევა სათესლე ჯირკვალში, რომ ეს ყველაფერი სათესლე ჯირკვლის ატროფიით მთავრდება.
- რა ფაქტორები იწვევს ამ დაავადების გამოვლენას?
ვარიკოცელე თანდაყოლილი დაავადებაა, გენეტიკური წინასწარგანწყობაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს, როცა მშობლებს ან უახლოეს ნათესავებს აქვთ ვენების ვარიკოზული პრობლემა, არის რისკი, რომ მათ შვილებსაც შეიძლება ჰქონდეთ იგივე პრობლემა.
მართალია, ეს თანდაყოლილი პრობლემაა, მაგრამ, რა თქმა უნდა, არსებობს ხელშემწყობი ფაქტორები, რომლებიც ამა თუ იმ ასაკში გამოავლენს ხოლმე ამ დაავადებას. ეს ფაქტორები შეიძლება გახდეს: მძიმე ფიზიკური შრომა, დიდი ხნით ფეხზე დგომა, ეს შეიძლება იყოს ჭარბი წონაც, ზოგჯერ ბავშვის ძალიან სწრაფად ზრდა სიმაღლეში შეიძლება გახდეს ხელშემწყობი პირობა.
პრობლემა შეიძლება განვითარდეს ვენების შერწყმის ანატომიური თავისებურებებიდან გამომდინარე, ეს არის სათესლე ვენისა და თირკმლის ვენის შეერთების მართი კუთხით ჩავარდნა, როცა მახვილი უნდა იყოს.
- რა კონკრეტული სიმპტომატიკა ახასიათებს ვარიკოცელეს?
უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნოთ, რომ ექიმს უნდა მიმართოთ მაშინვე, როგორც კი რაღაც სიმპტომს შენიშნავთ სათესლე ჯირკვლებში, არა მარტო ვარიკოცელეს გამო, არამედ სხვა უფრო აგრესიული დაავადებების გამორიცხვის მიზნით.
ვარიკოცელეს კარდინალური ჩივილი არის, როცა დიდ ხანს ფეხზე დგომისას და ფიზიკური დატვირთვის დროს ჩნდება ტკივილი ან/და სიმძიმის უსიამოვნო შეგრძნება სათესლე ჯირკვალში მარცხნივ, მაგრამ როდესაც ჰორიზონტალურ მდგომარეობაში წვება პაციენტი, ეს ჩივილი უმეტეს შემთხვევაში გაივლის ხოლმე. ტკივილი შესაძლოა იყოს სხვადასხვა ინტენსივობის. ექიმი სინჯავს სათესლე ჯირკვლებს.
ყველაზე ხშირად ვარიკოცელე ვლინდება სქესობრივი მომწიფების დროს, 16 წლიდან 25 წლამდე ასაკში, უფრო შემდეგ – როცა უშვილობის გამო მიდიან ექითან. ხშირად უნაყოფობის დროს მიმართავენ ხოლმე გინეკოლოგებს, ის კი ამისამართებს მამაკაცს უროლოგთან კონსულტაციაზე.
- როგორ მკურნალობენ?
როდესაც ვარიკოცელეს გამო არის გამოწვეული სპერმოგრამის [სპერმის ანალიზი] ცვლილებები, მკურნალობა, რა თქმა უნდა, ოპერაციულია.
ვარიკოცელეს ოპერაციისას ხდება იმ ვენის, რომელიც პრობლემას იწვევს, გადაკვანძვა ან ამოკვეთა.
ოპერაცია ტარდება როგორც ღია წესით ანუ ქსოვილების გაკვეთით, ისე ენდოსკოპიურად, ქსოვილების გაკვეთის გარეშე, თანამედროვე აპარატურისა და ტექნოლოგიების გამოყენებით.
შესაძლებელია სხვა მეთოდებით მკურნალობაც. მაგალითად, შეიძლება გაკეთდეს შუნტირება. მეთოდი ფიზიოლოგიურია, კეთდება მიკროქირურგიული ტექნოლოგიით, მაგრამ ცოტა ძვირადღირებულია და შედარებით ხანგრძლივი პროცედურაა.
ხშირად მიმართავენ ვენის გადაკვანძვას ე.წ. სუბინგუინალურად, რაც მოიცავს ჭრილობას გარე საზარდულის რგოლთან. ამ მეთოდით მკურნალობისას რეციდივის ანუ პრობლემის ხელახლა განვითარების რისკი, სხვადასხვა მიზეზის გამო, დაახლოებით 3%-ია. მერწმუნეთ, ეს ძალიან დაბალი პროცენტია.
არის კიდევ სხვა მეთოდები, რომელთა გამოყენებისას რეციდივი უფრო ხშირია და ამიტომ იმ მეთოდებს თითქმის აღარ იყენებენ.
- როგორია რეაბილიტაციის პროცესი?
ოპერაცია არ არის ძნელი, მაგრამ რეაბილიტაციის დროს უნდა დავიცვათ გარკვეული წესები. პირველ რიგში, ეს არის ფიზიკური დატვირთვის შეზღუდვა, იმიტომ, რომ გადაკვანძვის შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხდება ვენური უკმარისობის გაღრმავება, რაც იმას ნიშნავს, რომ სათესლე ჯირკვალი იქნება შეშუპებული, იქნება მაღალი წნევა ჯირკვლის არტერიებში, შესაბამისად სისხლის მოდინება იქნება ჩვეულებრივი, ხოლო გადინება – შეზღუდული და ამ პერიოდში, ვიდრე ახალი ვენები არ აიღებენ სრულად თავის თავზე ფუნქციას, რა თქმა უნდა, ვენური უკმარისობა არის, ამიტომ არ არის რეკომენდებული ფიზიკური შრომა, სიცივეში ყოფნა (გაციება), რაც გარკვეულად ხელს უშლის რეაბილიტაციას.
ამავე პერიოდში ხდება მედიკამენტური მკურნალობა სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი პრეპარატებით. რეაბილიტაციას სჭირდება ერთი თვე. სხვადასხვა კვლევის მიხედვით, 6 თვის შემდეგ ჯირკვალში სრულად აღდგება მიკროცირკულაცია.
ჩვენ გვქონდა შემთხვევები, როცა დაახლოებით 1-2 თვის შემდეგ გაუმჯობესდა სპერმოგრამა მკურნალობის ფონზე, თუ, რა თქმა უნდა, შორს წასული არ არის ცვლილებები სათესლე ჯირკვალში.