ფარისებრი ჯირკვლის კიბო – რა უნდა ვიცოდეთ ოპერაციაზე

კიბოს პოპულაციური რეგისტრის მონაცემებით, 2015 წლიდან ქალებში რეგისტრირებული ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევათა რაოდენობა საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, მომატებულია. ამის ერთ-ერთ მიზეზად სპეციალისტები დიაგნოსტიკური ტექნოლოგიების განვითარებას ასახელებენ.

ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მკურნალობა შემთხვევათა 99%-ში ქირურგიული მეთოდით ხდება. ბათუმის სამედიცინო ცენტრის ონკო-ქირურგის თემურ გოგიტიძის განმარტებით, ეს არის ერთ-ერთი იშვიათი კიბო, რომელიც ქირურგიული ჩარევის შედეგად შეიძლება 100%-ით განიკურნოს. „გარდა ამისა, მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს იმ მხრივ, რომ ახლა ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ოპერაციისას შესაძლებელია ხმის ნერვის მონიტორინგი, რაც აქამდე რეგიონში არ ხდებოდა” – ამბობს თემურ გოგიტიძე.

  • ბატონო თემურ, რა კავშირია დიაგნოსტიკასა და ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის მაჩვენებლის ზრდას შორის? რა შეიცვალა? 

ეს არის სწორედ ის შემთხვევა, როდესაც გამოვლენის, დიაგნოსტიკის მეთოდების გაუმჯობესების გამო, დაიწყო ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის უფრო მეტი შემთხვევის გამოვლენა. ეს უკავშირდება მაღალი სიხშირის, ახალი თაობის ექოსკოპების გამოშვებას, რომლებსაც შეუძლიათ განასხვაონ დაახლოებით 5 მმ-ის ფარგლებში კვანძები ფარისებრში, შესაბამისად, უფრო მეტ შემთხვევაში ხდება დაეჭვება, ბიოფსია და დიაგნოსტიკა, ანუ შესაძლებელი გახდა ფარისებრი ჯირკვლის 5 მმ-იანი კიბოს ნახვა.

  • რა იწვევს ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეს?

ძირითად მიზეზად მიიჩნევა რადიაცია, თუმცა ეს ჩვენთან ნაკლებად სავარაუდოა, ჩერნობილთან, ნაგასაკისთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობისთვის კი აქტუალურია, იმ რეგიონებში მცხოვრები ხალხისთვის ეს ძალიან დიდი რისკია.

ისეთ რეგიონებში, სადაც რადიაცია არ არის აქტუალური, ფარისებრის კიბოს რისკფაქტორად შეიძლება მივიჩნიოთ, თუ კი ადამიანს აქვს სხივური თერაპიის (ონკოლოგიური პათოლოგიების მკურნალობის მეთოდი) ჩატარების გამოცდილება სხეულის ზემოთა ნაწილში, გულმკერდზე, კისერზე. ასევე, იშვიათ შემთხვევებში მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს გენეტიკურ ფაქტორსაც.

ქალებში რეგისტრირებული ყველა ლოკალიზაციის კიბოს ახალ შემთხვევებში ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მეორე ადგილი უკავია.

  • დიაგნოსტიკა როგორ ხდება?

ფარისებრი ჯირკვლის კიბოს აღმოჩენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე, კარგი ხარისხის ულტრაბგერითი აპარატი, მის გარეშე ეს შეუძლებელია.

დიაგნოსტიკაში ასევე მნიშვნელოვანია, თუ რამდენად აქვს ექიმს ბიოფსიის გაკეთების გამოცდილება, რადგან ამ დროს საჭიროა სიზუსტე. ამ მხრივ ძალიან კარგი გამოცდილება გვაქვს, დაახლოებით 10-წლიანი და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის დიაგნოსტიკა, რაც ჩვენთან კეთდება, ნამდვილად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.

  • რა ასაკში და პერიოდულობით არის რეკომენდებული ფარისებრი ჯირკვლის შემოწმებას პროფილაქტიკისთვის?

საქმე ის არის, რომ ენდემური ზონა არ არის სარისკო ფარისებრის კიბოსთვის, მაგრამ კვანძოვანი ჩიყვისთვის – არის. მაგალითად, მაღალმთიანი აჭარა ენდემური ზონაა, სადაც იოდის დიდი ნაკლებობაა, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობაში შესაძლოა უფრო მეტად იყოს კვანძოვანი ჩიყვი.

რაც შეეხება ასაკს, ჩემი რჩევაა, ბავშვებში 2-3 წლიდან ჩატარდეს ერთი ექოსკოპია. თუ ბავშვს ნორმაში აქვს ფარისებრი, შემდეგი ექოსკოპია შეიძლება გაკეთდეს 5 ან 10 წელში, შემდეგ ერთი ექოსკოპია უკვე გარდატეხის პერიოდში, რომ დავრწმუნდეთ, რომ მოზარდს არ აქვს კვანძები, შემდეგ კი უკვე 30-40 წლამდე შეიძლება აღარ დასჭირდეს ადამიანს ექოსკოპია.

თუ კი რომელიმე ეტაპზე ვლინდება კვანძოვანი პათოლოგია, მაშინ საჭირო ხდება დამატებითი კვლევა, ეს არის ჰორმონალური კვლევა, ბიოფსია და ა.შ. პერიოდული შემოწმებების დროს ექიმი განსაზღვრავს.

ფარისებრზე არ არსებობს ერთი, ორი და სამთვიანი კონტროლის პერიოდები. თუ საკონტროლოა კვანძი, ყველაზე მოკლე პერიოდი არის 6 თვე.

როგორც წესი კვანძები არ გადაგვარდება ხოლმე. თუ კვანძი კეთილთვისებიანია, ის შეიძლება ბოლომდე იყოს კეთილთვისებიანი. მაგრამ საქმე ის არის, რომ შეიძლება იყოს რაღაც ჩანასახი, რასაც ატიპია ჰქვია და რაღაც პერიოდის შემდეგ ის შეიძლება გადაგვარდეს.

  • როგორია მკურნალობა?

ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის მკურნალობა სხივური თერაპიით არ ხდება, არც მედიკამენტური მკურნალობა მიიჩნევა ეფექტურად, მას ძირითადად ქირურგიული გზით მკურნალობენ.

ოპერაცია შეიძლება დასჭირდეს ფარისებრის კიბოს, ან სხვა კვანძს, ისეთს, რომელიც არის დიდი ზომის, მაგალითად 3-5 სმ და რომელიც იწვევენ დეფორმაციას ან რაიმე სხვა გამოვლინება აქვს. ოპერაცია ასევე შეიძლება დასჭირდეს ტოქსიკურ კვანძებს, ანუ კვანძებს, რომლებიც წამლავენ ორგანიზმს. სხვა ჩვენება ოპერაციისთვის არ არსებობს.

დავაზუსტოთ, კვანძების ამოღება იმისთვის, რომ მომავალში კიბოს განვითარებისგან დავიცვათ თავი, ან ოპერაციის გაკეთება იმისთვის, რომ კვანძები არ განვითარდეს – ასეთი ჩვენება არ არსებობს.

არის შემთხვევები, როცა მომმართავენ პაციენტები და მეუბნებიან, რომ ოპერაციაზე რეკომენდაცია მომცეს და რა ვქნათო. სამწუხაროდ ძალიან ფართოდ გამოიყენება ოპერაცია ჩვენს რეალობაში, რაც არ არის გამართლებული.

თუ ადამიანს არ აქვს დიდი კვანძები, არ აქვს კიბო დიაგნოსტირებული ბიოფსიით და არ არის კვანძი მომწამვლელი, მაგრამ ეუბნებიან ოპერაციას, სჯობს პაციენტმა ეს ჩვენება კიდევ ერთხელ, კარგად გადაამოწმოს.

  • რა რისკები ახლავს ოპერაციას და შესაძლებელია თუ არა ამ რისკების შემცირება?

თუ კი პაციენტს აქვს ფარისებრი ჯირკვლის კიბო ან თუ კვანძები 2-3 სმ-ზე დიდია, ხდება მისი ამოკვეთა.

შესაძლოა საჭირო გახდეს თვითონ ფარისებრი ჯირკვლის ორივე მხარის, ორივე წილის ამოკვეთა. ამ წილებთან ძალიან ახლოს, საოპერაციო ჭრილშივე, სადაც კეთდება ოპერაცია, გადის ხმის ნერვი, ამიტომ ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციის ყველაზე ხშირ გართულებას წარმოადგენს ხორხის შებრუნებული ნერვის დაზიანება, რაც კლინიკურად ვლინდება ხმის ჩახლეჩით ან დაკარგვით.

თუ დაზიანება ხდება ცალი მხრიდან – ადამიანს ხმის ტემბრი დაუვარდება, აღარ ექნება მაღალი ხმა, თუ მომღერალია, ვეღარ იმღერებს; თუ დაზიანება ხდება ორივე მხრიდან – მაშინ პაციენტი საერთოდ კარგავს ხმას. ამის აღდგენა ზოგჯერ შეიძლება, ზოგჯერ არა. რთული პროცესია. ზოგ შემთხვევაში შეიძლება სუნთქვის პრობლემებიც გამოიწვიოს.

სწორედ ამიტომ აშშ-ში, თურქეთში და გერმანიაში არის სტანდარტია, ანუ აუცილებელია, რომ ოპერაციისას გამოყენებული იქნეს ხმის ნერვის მონიტორინგის აპარატი. ეს არის სპეციალური აპარატი, რომელიც გვეხმარება ოპერაციაზე აღმოვაჩინოთ ეს ნერვი და მთელ სიგრძეზე დავიცვათ ის შემთხვევითი გადაჭრისგან, ან თუ კი მასში ჩაზრდილია სიმსივნე, გვეხმარება მის გადარჩენაში.

ქართული პროტოკოლით ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს, ამიტომ ბევრგან ეს ოპერაცია კეთდება ამ აპარატის გარეშე და ეს დანაშაულს არ წარმოადგენს, თუმცა, თუ კი ასეთი გართულების თავიდან აცილების საშუალება არსებობს, ჩვენი, როგორც ქირურგების და ექიმების მხრიდან, ძალიან არასწორი იქნება მისი არ გამოყენება.

ჩვენ ეს აპარატი თურქეთიდან ჩამოვიტანეთ და თუ ადრე ასეთი ოპერაციებისთვის პაციენტებს თურქეთში უწევდათ წასვლა, ახლა ამ ოპერაციის ისეთივე მაღალი ხარისხით ჩატარება ჩვენს რეგიონშიც შესაძლებელია. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ოპერაცია 100%-ით იქნება დაზღვეული ხმის ნერვის დაზიანებისგან, მაგრამ რისკები ძალიან შემცირებულია.

თეგები:

გააზიარეთ:

ტელეფონი

დაგვირეკეთ. ჩვენი წარმომადგენელი მოგაწოდებთ ამომწურავ ინფორმაციას სასურველ საკითხთან დაკავშირებით.