როცა დრო სიცოცხლეს უდრის

BMC-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა ეკა ზოიძემ ძველი ფსიქონევროლოგიური საავადმყოფო მრავალპროფილურ, თანამედროვე სამედიცინო ცენტრად აქცია. წარმატებისკენ მიმავალ გზაზე მას ბიზნესის გამოწვევების გარდა პაციენტებთან დაკავშირებულ სტიგმებთან ბრძოლაც მოუწია. წინ ახალი მიმართულებებია – არა მხოლოდ სამედიცინო სფეროში.


ქალბატონო ეკა, პროფესიით რეპროდუქტოლოგმა, რა ვითარებაში იტვირთეთ ფართომასშტაბიანი სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელობა?

ჩემი პროფესიით, შეიძლება ითქვას, რამდენიმე თვე ვიმუშავე, ვინაიდან ძალიან მალე ფსიქონევროლოგიური დისპანსერის ხელმძღვანელად დავინიშნე. ეს რთული, მაგრამ საინტერესო გამოწვევა იყო. ამ პერიოდში საქართველოში ფსიქიატრის მიმართულებით ფეხს იკიდებდა ევროპული თანამედროვე მიდგომები და აქტიურად დავიწყე მუშაობა იმ დროისთვის ძალიან საჭირო და სასარგებლო პროექტებზე: ბათუმის მერიას შევთავაზე შშმ ბავშვთა დღის სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნის პროექტი, მოვიძიე საქველმოქმედო ორგანიზაციები, რომელთა დახმარებით შევძელი ცენტრისთვის შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მომზადება. მიხარია, რომ ეს პროექტი წარმატებულია და დღემდე გრძელდება. ამ პერიოდში საფუძველი ჩავუყარე მეორე პროექტსაც. ჩვენი ბენეფიციარები მაღალმთიანი რეგიონებიდან ხშირად ვერ ახერხებდნენ მედიკამენტის მისაღებად ჩამოსვლას, რაც განაპირობებდა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის ხშირ გამწვავებას და, შესაბამისად, ხშირ სტაციონირებასაც. ამ პროექტის ფარგლებში აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს შევთავაზე, რომ მაღალმთიან რაიონებში ჩვენ ადგილზე მიგვეწოდებინა მედიკამენტები პაციენტებისთვის, რათა უწყვეტობის პრინციპი შენარჩუნებულიყო. მინდა გითხრათ, რომ მსგავსი პროექტი მხოლოდ ათი წლის შემდეგ დაიწყო საქართველოს სხვა რეგიონებში.


რა გამოწვევები შეგხვდათ ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრად ქცევის გზაზე?

როდესაც ფსიქონევროლოგიურ საავადმყოფოს ჩავუდექი სათავეში, წარმოუდგენლად დიდი გამოწვევების წინაშე დავდექი. ძალიან რთული სიტუაცია იყო ინფრასტრუქტურის მხრივ, მაგრამ შევძელით, რომ პაციენტების პირველადი მოთხოვნილებები დაგვეკმაყოფილებინა. სიტუაციას ართულებდა საზოგადოებაში არსებული სტიგმა ფსიქიატრიის მიმართულებით, მათ შორის – სამედიცინო წრეებშიც, თითქოს ცალკე იყო მთელი სამედიცინო სისტემა და ცალკე – ფსიქიატრია. დავიწყეთ პრივატიზებაზე ფიქრი და მოლაპარაკებები სახელმწიფოსთან, რომლის საკუთრებაშიც იყო საავადმყოფო. ობიექტი გავიდა აუქციონზე, შევადგინე კლინიკის განვითარების გეგმა და ჩემს პარტნიორთან ერთად „ქართუ ბანკის“ მხარდაჭერით საავადმყოფოს შენობა შევისყიდეთ. დავიწყეთ არსებული გარემოს სრული რეაბილიტაცია და ფსიქიატრიის მიმართულებით ახალი პროექტების შემუშავება. მინდა აღვნიშნო, რომ დღეს საქართველოში ერთადერთი დაწესებულება ვართ, ვისაც აქვს გერიატრიული ზრუნვის განყოფილება, სადაც გვყავს 50 ბენეფიციარი. თავიდან არაერთგვაროვანი დამოკიდებულებები იყო თვითონ ბენეფიციარების ოჯახის წევრების მხრიდანაც, ზოგი ფიქრობდა, რომ ეს ოჯახის წევრის თავიდან მოშორებაა, მაგრამ რეალურად ეს არის დიდი შეღავათი ოჯახისთვის, სადაც დილიდან საღამომდე შრომობენ ადამიანები, გასული არიან სახლიდან და ასეთი პაციენტის სახლში მარტო ყოფნა საფრთხის შემცველია როგორც ოჯახისთვის, ისე – პაციენტისთვის. მათთვის ჩვენ გვაქვს კომფორტული გარემო და სათანადო მოვლის პირობები. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით დეინსტიტუციონალიზაციის მიმართულებით და აქაც საქართველოში პირველები ვიყავით. ჩვენ შევძელით სტაციონარიდან 96 ხანგრძლივი დაყოვნების ბენეფიციარი (ბევრი მათგანი სტაციონარში 5, 6 და 12 წელიც კი იმყოფებოდა) გაგვეყვანა ჩვენ მიერ მოწყობილ საცხოვრისებში და ამ ნაბიჯით დავიწყეთ მათი საზოგადოებაში/თემში ინტეგრაცია, რაც სტიგმის დაძლევის უმთავრესი პირობაა.

რაც შეეხება სხვა მიმართულებების დამატებას, ამის საჭიროება დავინახეთ მაშინ, როდესაც ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გამო გვიწევდა ჩვენი ბენეფიციარების სხვა სამედიცინო ცენტრებში გადაყვანა, რაც ძალიან რთული პროცესი იყო – ამ კატეგორიის პაციენტების მართვას ერთგვარი გამოცდილება სჭირდება, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ არ არის ამ ტიპის პაციენტების შესაბამისი მიმღებლობა სამედიცინო საზოგადოების მხრიდანაც კი, ამიტომ გამიჩნდა იდეა, რომ ჩვენ თავად აგვეთვისებინა სხვადასხვა მიმართულება. ამ პროცესში პირველი შემოგვიერთდა სამშობიარო მიმართულებით მომუშავე წარმატებული გუნდი, რომელიც მაღალი მომართვიანობის გამო ვეღარ თავსდებოდა საკუთარ ფართში, ამიტომ ჩვენს კლინიკაში გადმოსვლა შევთავაზეთ. ჩვენს გაერთიანებას თავიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა – ბევრი ფიქრობდა, რომ სამშობიაროსა და ფსიქიატრიული კლინიკის ერთად მუშაობა არ იქნებოდა პრესტიჟული მშობიარე ქალებისთვის. რისკი, რა თქმა უნდა, დიდი იყო, მაგრამ შევეცადეთ, ისეთი გუნდი და მატერიალურ–ტექნიკური ბაზა შეგვეთავაზებინა პაციენტებისთვის, რომ საზოგადოებაში არსებული ეს სტიგმა დაგვეძლია. ეტაპობრივად ვავითარებდით სხვადასხვა მიმართულებას და ასე გახდა BMC მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი.

ჩემი მიზანი იყო, BMC-ში შემექმნა ოჯახური გარემო, რომელსაც განაპირობებს არა მხოლოდ მატერიალურ-ტექნიკური გარემო, არამედ მედპერსონალის მხარდაჭერა და ზრუნვაც. ბევრი კლინიკისგან განსხვავებით ვცდილობთ, ნაკლებად შევზღუდოთ პაციენტების მონახულება ოჯახის წევრების მიერ, მათ შორის – რეანიმაციის დეპარტამენტში, ვინაიდან როგორც პაციენტისთვის, ასევე ოჯახის წევრისთვის მნიშვნელოვანია ასეთ დროს საყვარელ ადამიანებთან კონტაქტის შესაძლებლობა.


თქვენი სიტყვებია „დრო უდრის სიცოცხლეს“ – დროის დაზოგვის მიზნით გააერთიანეთ ყველა მნიშვნელოვანი რგოლი ერთ სივრცეში?

დრო მართლაც უდრის სიცოცხლეს და ზოგჯერ შესაძლოა ერთი წუთიც გადამწყვეტი იყოს სიცოცხლის გადარჩენისთვის. ვინაიდან კლინიკის ფართობი გვაძლევდა საშუალებას, ერთ სართულზე მოვაქციეთ ემერჯენსი, რეანიმაცია, საოპერაციოები და მაღალტექნოლოგიური კვლევები. მაგალითად, თუ ძლიერი სისხლდენით შემოვა პაციენტი, ფაქტობრივად, 2–3 წუთში შეიძლება უკვე საოპერაციოში გვყავდეს.

BMC–ის მნიშვნელოვან მონაპოვრად მიიჩნევთ ადგილობრივი და მოწვეული მედპერსონალით დაკომპლექტებულ გუნდს. როგორია თქვენი მხარდაჭერა მათი უწყვეტი განვითარებისთვის?

ხშირად ვამბობ, რომ გარემო, მატერიალურტექნიკური ბაზა მნიშვნელოვანია სრულფასოვანი სამედიცინო სერვისის მიწოდებისთვის, მაგრამ უმნიშვნელოვანესია გუნდი, ვისთან ერთადაც ქმნი და აწოდებ სამედიცინო სერვისს ადამიანებს. ამ კუთხით მართლაც გამიმართლა, ჩემთვის პროფესიონალიზმთან ერთად მნიშვნელოვანია ადამიანური ღირებულებები, მათ შორის ენთუზიაზმიც და სწორედ ასეთი გუნდი დგას დღეს ჩემ გვერდით, როგორც ადმინისტრაციული, ასევე სამედიცინო მიმართულებით.

რეგიონებში სხვადასხვა სამედიცინო მიმართულებით კადრების დეფიციტია, შესაბამისად, ექიმს უხდება რამდენიმე კლინიკაში მუშაობა, რაც, რა თქმა უნდა, ამცირებს სამედიცინო სერვისის მიწოდების ხარისხს. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ დღეს BMC-ში მუშაობენ სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტები და ისინი ადგილობრივ კადრებთან ერთად ქმნიან ერთიან კოორდინირებულ, საქმეზე და წარმატებაზე ორიენტირებულ გუნდს. ჩვენი გუნდი მუდმივად იზრდება, დღეს უკვე 770 ადამიანია დასაქმებული. დაგვემატა ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიცაა კარდიოქირურგია, პლასტიკური ქირურგია, ბარიატრია, და ა.შ. პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული კარდიოქირურგიის დეპარტამენტი ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა. გვყავს ავსტრიელი კარდიოქირურგი, რომლის სამედიცინო მომსახურება ფუფუნებაა არა მხოლოდ აჭარისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალია, აქვს გადმოცემის საოცარი უნარი, ჩვენს ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, მის გვერდით იდგნენ და მასთან ერთად ჩვენი გუნდი პროფესიული თვალსაზრისით მნიშვნელოვნად იზრდება. რა თქმა უნდა, მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მედპერსონალს ღირსეული სამუშაო გარემო შევუქმნათ და დამსახურებულად მივცეთ ადეკვატური ანაზღაურება.


BMC–ის ტერიტორიაზე სადღეღამისო ვერტოდრომის მოწყობის საჭიროება რატომ გაჩნდა?

BMC ერთადერთი კლინიკაა საქართველოში, რომელსაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სადღეღამისო ვერტოდრომი აქვს. მოგეხსენებათ, აჭარა მაღალმთიანი რეგიონია და მოკვლევის შედეგად გავარკვიეთ, რომ კატასტროფის მანქანას (თუ გამოძახების მომენტში ადგილზე, რაიონში იქნება) 57 წუთი სჭირდება რაიონის ყველაზე მოშორებით მდებარე სოფელში მისასვლელად. იცით, რომ არის რიგი გადაუდებელი შემთხვევები, როცა ყოველი წუთი მნიშვნელოვანია, გარდა ამისა, მაღალმთიან სოფლებში გზის პრობლემებია და როდესაც პაციენტისთვის არ არის რეკომენდებული ზედმეტი მოძრაობა, ასეთ პირობებში მანქანით ჩამოსვლამ შეიძლება ფატალურ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ასევე, აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს სამთო კურორტების განვითარება, ხშირად გვსმენია სათხილამურო ტრასაზე მომხდარი შემთხვევების შესახებ, რაც ასევე დროულ, გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას, მათ შორის ხშირად მაღალტექნოლოგიურ ჩარევებს მოითხოვს, რასაც რაიონებში არსებული კლინიკები ვერ უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ვერტოდრომის მოწყობა, რომელიც BMC-ის მთავარ გზავნილს „დრო უდრის სიცოცხლეს“ რეალურს ხდის.


არაერთი კვლევის მიხედვით, კლინიკებში დამხმარე სამედიცინო პერსონალის, მათ შორის ექთნების სერიოზული დეფიციტია. თქვენს კლინიკაში რა მდგომარეობაა?

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არის ის დამოკიდებულება, რომ ყველას უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება, რაც მთელი რიგი პროფესიების დეფიციტს ქმნის. ნამდვილად არის კადრების დეფიციტი და, სამწუხაროდ, პროფესიონალიზმის პრობლემაც ექთნებთან დაკავშირებით. ჩვენ, როგორც წესი, პირდაპირ არ აგვყავს თანამშრომელი, საკმაოდ მომთხოვნები ვართ ამ თვალსაზრისით. ვატარებთ შიდა ტრენინგებს, გარკვეული დროით ხდება ახალი კადრის მიმაგრება გამოცდილ კადრთან, ვაკვირდებით და თუ საქმეს წარმატებით გაართვა თავი, ის ჩვენი გუნდის წევრი ხდება.


რას აკეთებს BMC სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით?

კლინიკის ბაზაზე 2017 წლიდან სოციალური საწარმო „ადამიანები მოქმედებაში“ ფუნქციონირებს. საგრანტო კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა და გამარჯვების შემდეგ საწარმოს ფუნქციონირებისთვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა გადმოგვეცა. კლინიკის ტერიტორიაზე გამოვყავით ფართი და რეალობად ვაქციეთ დასახული მიზანი – დავასაქმეთ ბენეფიციარები. ასევე, აჭარის დასაქმების სააგენტოს მხარდაჭერითა და ჩვენი ჩართულობით შშმ პირებს მიეცათ საშუალება, გაევლოთ საკონდიტრო საქმიანობის შემსწავლელი კურსები, რაც იმას ნიშნავს რომ მათ აქვთ პროფესია და ნებისმიერ საკონდიტროში დასაქმება შეუძლიათ. გარდა იმისა, რომ კლინიკამ ხელი შეუწყო სოციალური საწარმოს დაფუძნებას, დღემდე ის აქტიურადაა ჩართული და ხელს უწყობს მის წარმატებულ, უწყვეტ ფუნქციონირებას. კლინიკა ყოველდღიურ რეჟიმში შეისყიდის კვების რაციონში გათვალისწინებულ სხვადასხვა მზა პროდუქტს, რომლებიც სწორედ ამ სოციალურ საწარმოში მზადდება.

კიდევ ერთი მასშტაბური საქველმოქმედო მარათონის ინიციატივა ეკუთვნის ჩვენს გუნდს. ჩავწერეთ ძალიან პოზიტიური ვიდეოკლიპი – ეს იყო გზავნილი, ერთგვარი გამოწვევა ყველა კომპანიისა თუ ორგანიზაციისთვის, ჩართულიყვნენ საქველმოქმედო აქციაში, რომლის მიზანიც მიუსაფარი ბავშვებისთვის ქობულეთში სახლის მშენებლობაა. პირველი სოლიდური თანხა საქველმოქმედო ფონდ „იალქანის“ ანგარიშზე სწორედ კლინიკის სახელით ჩაირიცხა. საბედნიეროდ, ამ ინიციატივას ბევრმა კომპანიამ დაუჭირა მხარი და ვფლობთ ინფორმაციას, რომ აქტივობის შედეგად უკვე შეგროვებულია 1 მილიონი ლარი.


როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ვგეგმავთ გარკვეული მიმართულებების დაფარვასაც. ერთ–ერთია ონკოლოგია, რასაც ძალიან დიდი ფინანსური რესურსი სჭირდება. ვფიქრობ ამაზე, თუმცა უფრო გრძელვადიანი პროექტია და დაავადების სენსიტიურობიდან გამომდინარე, ძალიან დიდი სიფრთხილით ვუდგები ამ თემას. გვაქვს ნეიროქირურგიის მიმართულება, მიმდინარეობს პროცესი და უფრო მეტად მაღალტექნოლოგიურ, თანამედროვე და ყოვლისმომცველ ნეიროქირურგიას უმოკლეს დროში გავმართავთ. არ ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ამოვწურე რესურსი, მაგრამ მიმაჩნია, რომ კლინიკას დღეს ჰყავს გუნდი, რომელიც ჩემი ყოველდღიური ჩართულობის გარეშეც შეძლებს პროცესების მართვას ისეთივე წარმატებით, როგორიც დღესაა. ჩემს პარტნიორთან ერთად მაქვს გეგმები დეველოპმენტის მიმართულებით, რომლებიც უკვე განხორციელების ფაზაშია. ასევე, მაქვს ბიზნესგეგმა, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებ. მოდი, ამაზე ჯერ არ ვისაუბრებ, მხოლოდ ერთი პატარა მინიშნების გაკეთება შემიძლია – ის „ქალური ოცნებების“ ახდენას უკავშირდება.

 


თეგები:

გააზიარეთ:

ტელეფონი

დაგვირეკეთ. ჩვენი წარმომადგენელი მოგაწოდებთ ამომწურავ ინფორმაციას სასურველ საკითხთან დაკავშირებით.